top of page

„გალაქტიონ ტაბიძე ნიცაში ცხოვრობს?“ - კითხვა, რომელმაც ნიცაში ქართული სკოლის დაარსებას დაუდო სათავე

ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი დღით დაიწყო.


მეგობართან ვიყავი სტუმრად. მისი 12 წლის შვილი ტელეფონით საქართველოში მცხოვრებ თანატოლს ესაუბრებოდა. საუბარში საქართველოში მყოფმა ბავშვმა რამდენჯერმე ახსენა გალაქტიონ ტაბიძე ისე ბუნებრივად, ისე დამაჯერებლად და ნაცნობობით, თითქოს ყველასთვის გასაგები იყო, ვინ იყო ის.


ჩემი მეგობრის შვილი ყურადღებით უსმენდა. აშკარად იგრძნო, რომ ეს სახელი მისთვისაც უნდა ყოფილიყო ნაცნობი, მაგრამ ვერ მიხვდა, საიდან უნდა ცოდნოდა. ბოლოს მომიტრიალდა და სრულიად გულწრფელად მკითხა:


„გალაქტიონ ტაბიძე ნიცაში ცხოვრობს?“


იმ წამს ყველამ გავიცინეთ, მაგრამ ჩემთვის ეს კითხვა მხოლოდ ბავშვური გულუბრყვილობა არ ყოფილა. პირიქით სწორედ იმ ერთ წინადადებაში გამოჩნდა პრობლემა, რომელსაც ემიგრაციაში მცხოვრები ქართული ოჯახები ყოველდღიურად ვხედავთ: ჩვენი შვილები იზრდებიან ევროპაში, ფრანგულ გარემოში, სხვა კულტურულ სივრცეში, და თუ ჩვენ არ შევუქმნით ქართულ საგანმანათლებლო გარემოს, მათთვის გალაქტიონიც, ილია ჭავჭავაძეც, ვაჟა-ფშაველაც, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და ქართული სიტყვა ნელ-ნელა შორეულ, გაუგებარ სამყაროდ იქცევა.


იმ წუთას ჩემთვის საბოლოოდ ცხადი გახდა: ნიცაში ქართულ ბავშვებს სჭირდებოდათ ადგილი, სადაც ისინი საკუთარ ენას, ისტორიას, ლიტერატურას და ფესვებს დაუბრუნდებოდნენ. ადგილი, სადაც საქართველო მათთვის მხოლოდ მშობლების მოგონება კი არა, ცოცხალი, ახლობელი და საყვარელი რეალობა იქნებოდა.


სწორედ ასე დაიბადა ნიცაში ქართული საგანმანათლებლო სივრცის იდეა.


სახლში დაბრუნებულმა მაშინვე დავურეკე ნიცაში მცხოვრებ პედაგოგს, ქალბატონ თამუნა ფირცხალაიშვილს. საუბარი დასრულებულიც არ მქონდა, როდესაც თამუნა მასწავლებელმა მითხრა:


„თუნდაც მარტო მომიწიოს გაკვეთილის ჩატარება, თქვენს გვერდით ვარ.“


ეს იყო პირველი დიდი მხარდაჭერა, რომელმაც დამარწმუნა, რომ ეს საქმე მხოლოდ იდეად არ დარჩებოდა. თამუნა მასწავლებელმა მაშინვე დაიწყო ფიქრი, როგორ გაეთავისუფლებინა შაბათი სამსახურში, რათა ბავშვებისთვის ქართული გაკვეთილები ჩაეტარებინა.


თუმცა მხოლოდ პედაგოგის მხარდაჭერით სკოლა ვერ შეიქმნებოდა. საჭირო იყო სივრცე ადგილი, სადაც კლასი მოეწყობოდა. სპონსორი არ გვყავს, ამიტომ უნდა გვეპოვა ისეთი ფართი, რომელიც ბავშვებისთვის შესაფერისი, უსაფრთხო, კარგ ლოკაციაზე მდებარე და ამავდროულად ხელმისაწვდომი იქნებოდა.


ამ გზაზე დიდი სულიერი იმედიც მქონდა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სურათთან მივედი და დახმარება ვთხოვე. შემდეგ “signal” აპლიკაციით მივწერე უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო პატრიარქად არჩეული. სახლიდან გასვლის შემდეგ კი თითქოს ყველაფერი თავისით დალაგდა: საუკეთესო ადგილზე გადავაწყდი სივრცეს, მოვილაპარაკეთ პირობებზე, ხელი მოვაწერე კონტრაქტს და უკვე დავიწყე მზადება.


ფართი ნაწილობრივ მოსაწყობი იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ შევძლებდით.


სივრცის პოვნის შემდეგ დავუკავშირდი პედაგოგ ოთარ შენგელიას, რომელიც ასევე დამთანხმდა თანამშრომლობაზე. შემდეგ დავწერე პოსტი, რომ ვეძებდით პედაგოგებს, და მალევე მივიღეთ გამოხმაურებები. დღეს ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის პედაგოგიური გუნდი შედგება დიპლომირებული და სერტიფიცირებული მასწავლებლებისგან:


ქალბატონი თამუნა ფირცხალაიშვილი,

ქალბატონი მაია კაპანაძე,

ბატონი ოთარ შენგელია,

ქალბატონი ხატია კირკიტაძე,

ქალბატონი ნათია წვერავა,

ქალბატონი სოფო გვარლიანი.


ეს ადამიანები ბავშვებთან მუშაობას უდიდესი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და სიფრთხილით ეკიდებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგები ამ ეტაპზე მოხალისეობრივად ასწავლიან — მთელი გულით, ქართული საქმის სიყვარულით და იმ რწმენით, რომ ემიგრაციაში დაბადებულ თუ გაზრდილ ქართველ ბავშვებს არ უნდა გაუწყდეთ კავშირი საკუთარ ენასთან და სამშობლოსთან.


უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელზეც ეს სკოლა დგას, არის ის, რომ სწავლება ბავშვებისთვის ყოველთვის უფასო იქნება.

ჩვენთვის ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლა არ უნდა იყოს ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობაზე დამოკიდებული. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება ქართულ იდენტობას, ჩვენს მომავალ თაობას და იმ კავშირს, რომელიც ემიგრაციაშიც არ უნდა გაწყდეს.


სკოლის მოწყობას ბევრი რამ სჭირდებოდა: დაფა, ფერადი და შავ-თეთრი პრინტერები, საკანცელარიო ნივთები, სკამები, მერხები და სხვა საჭირო ინვენტარი. ნაწილი უკვე გვქონდა, ნაწილის დამატება მოგვიწია. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ საჭირო თანხები თითქოს თავის დროზე ჩნდებოდა — ხშირად ვერც კი ვხვდებოდით, საიდან მოდიოდა დახმარება. სწორედ ამიტომ, მთელი გულით ვგრძნობ, რომ ამ საქმეში უფალი გვიდგას გვერდით.


საბოლოოდ, ნიცაში ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 62 ბავშვი დარეგისტრირდა.


სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი. ეს რიცხვი მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ეს არის 62 ქართული ოჯახი, 62 პატარა გული, 62 შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია და კულტურა ახლოდან გაიცნონ. ეს არის ნიცაში მცხოვრები ქართული თემის დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ, როგორც დამფუძნებლებსა და პედაგოგებს, გვაკისრია.


16 მაისს პირველი გაკვეთილი ჩატარდა — და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული იყო. ბავშვების თვალებში ჩანდა ინტერესი, მშობლების თვალებში — იმედი, ხოლო პედაგოგების დამოკიდებულებაში — უდიდესი სიყვარული და პროფესიონალიზმი.


დღეს სკოლას ერთი წლის განმავლობაში არაფერი ემუქრება — თუნდაც სპონსორი არ გამოჩნდეს, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. თუმცა აშკარაა, რომ სივრცე გაფართოებას საჭიროებს. თუ გამოჩნდება სპონსორი, იქნება ეს რეკლამის სანაცვლოდ მხარდაჭერა თუ უბრალოდ ქართული საქმისადმი გულშემატკივრობა, ჩვენ აუცილებლად ვიფიქრებთ სკოლის განვითარებასა და გაფართოებაზე.


მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩება: სწავლება ყოველთვის უფასო იქნება.


ეს სკოლა მხოლოდ გაკვეთილების ადგილი არ არის.


ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები ისწავლიან, რომ გალაქტიონ ტაბიძე ნიცაში არ ცხოვრობდა, მაგრამ მისი პოეზია შეიძლება ნიცაშიც გაცოცხლდეს. ეს არის ადგილი, სადაც ქართული სიტყვა ემიგრაციაშიც გაგრძელდება. ეს არის პატარა საქართველო ნიცაში — ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მთელი ქართული თემისთვის.


მე, თემო მაჩიტიძემ, Solidarité Géorgienne Nice-ის — SGN-ის დამფუძნებელმა, დავაფუძნე ეს ქართული საგანმანათლებლო სივრცეც, მაგრამ ეს საქმე მარტო ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის. ეს არის პედაგოგების, მშობლების, მეგობრების, თანამემამულეების, ქართული თემის და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი ძალისხმევა, ვინც გულით დაუდგა გვერდში ამ იდეას.


დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს თავდადებისთვის.

დიდი მადლობა მშობლებს ნდობისთვის.

დიდი მადლობა ყველას, ვინც სიტყვით, საქმით, რჩევით, ფინანსურად თუ უბრალოდ კეთილი სურვილით დაგვიდგა გვერდით.


რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა.


მაგრამ ახლა უკვე მოხდა — ნიცაში ქართული საგანმანათლებლო სივრცე არსებობს. და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page