ბექა ხალიბეგაშვილი: „საბოლოოდ გავიმარჯვებთ და შევქმნით ისეთ საქართველოს, რომელშიც ყველა ერთად ამაყად ვიცხოვრებთ“
- SGN06

- Sep 27, 2025
- 3 min read
27 სექტემბერი — სოხუმის დაცემის დღეა.
32 წლის წინ ამ დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტრაგედია დატრიალდა — დაეცა სოხუმი და ათასობით ადამიანი საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა. ეს ტკივილი დღემდე ცოცხალია, მაგრამ სწორედ ის გვახსენებს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა — არც ტერიტორიული მთლიანობისთვის და არც სამართლიანი სახელმწიფოს შესაქმნელად.
ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ბექა ხალიბეგაშვილთან — ახალგაზრდასთან, რომლის ცხოვრება, მიზნები და პოლიტიკისადმი მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება დაკარგული აფხაზეთის დაბრუნების იდეას და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას საქართველოში.
1. გამარჯობა ბექა , მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე, როგორ წარმოგვიდგენთ საკუთარ თავს? ვინ ხართ ადამიანურად და პროფესიულად?
ბექა ხალიბეგაშვილი, 33 წლის, მთიული, საკუთარ ქვეყანაში დევნილი. მიყვარს ადამიანები, ბუნება, აზრებისა და შესაძლებლობების გაზიარება, ადამიანების დახმარება. მებრძოლი, ბავშვობიდან ვერ ვეგუები უსამართლობას. არ ვარ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ადამიანების მიმართ. კეთილი, საკმაოდ მგრძნობიარე, ცოტა ფიცხი, პირდაპირი (ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები) . პროფესიულად სამ უნივერსიტეტში ვისწავლე: სამართალმცოდნეობა 4 წელი - თსუ; პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 3 წელი - ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი პოზნანში, პოლონოთი; მაგისტრატურა - საზოგადოებრივი ურთიერთობები - ილია.
ბევრ ადგილას მიმუშავია სხვადასხვა მიმართულებით, და დღესაც ბევრი რამის კეთებით ვარ დაკავებული, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პოლიტიკის კეთება, რასაც საქართველოში დიდი ხანია ვეღარ ვხედავ და სურვილი მაქვს ეს შევცვალო.
2. ამ ბოლო დროს ხშირად ახალი ძალის გამოჩენის თანავე საქართველოში სტატუს ანიჭებენ „ნაცებისთვის ქოცი არის და ქოცებისთვის ნაცი“. თქვენც ამ კატეგორიას ეკუთვნით , რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რას ეტყვით საზოგადოებას?
ეს ყველაფერი ორივე მხარეს აწყობს, რადგან აქტუალობას ორივეს უნარჩუნებს და ხელს უშლის ახალი ძალის ფორმირებას, რაც მათთვის ქმნის გარანტიას, რომ დიდხანს იარსებონ, რადგან რეალურად იციან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ორივე მიუღებელია და მესამე ძალის გაჩენა ორივეს საბოლოოდ დაასრულებს. ქვეყანაში არ არსებობს სადისკუსიო სივრცე, სადაც ახალსა და ძველ სახეებს ექნებათ შესაძლებლობა დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც საზოგადოებას მისცემს განსხვავებების დანახვისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ეს გარემოც განზრახ არის შექმნილი. შედარებით მარტივია ტრიბუნიდან ან საკუთარი ტელევიზიიდან ცალმხრივად განცხადებების კეთება და შემდეგ ტროლებითა თუ ბოტებით სხვებისთვის ნაცობის ან ქოცობის დაბრალება. პირისპირ ამის გაკეთება არ გამოუვათ. ამიტომ საზოგადოებას ვეტყოდი, რომ დაფიქრდნენ ასეთ საკითხებზე და მეტი ესაუბრონ, შეიყვარონ და პატივი სცენ ერთმანეთს.
3. როგორ შეაფასებთ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას?
ჩვენ არ ვაკეთებთ დღეს პოლიტიკას არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ. ეს არის ბანდებს შორის დაპირისპირება, სადაც ზოგი ფარულად შეკრულია ერთმანეთთან, ზოგი კი შეთანხმებას ვერ ახერხებს ძალაუფლების ვერ განაწილების გამო, ზოგი დაკარგულია საერთოდ, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ეს საბოლოოდ იწვევს საზოგადოების დაყოფას.
4. რა არის თქვენი აზრით მთავარი პრობლემა ქვეყნის მართვაში დღეს?
არაპროფესიონალიზმი და სურვილის ნაკლებობა. პოლიტიკური ნება.
5. ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა: რეალურია თუ არა უახლოეს მომავალში?
ევროკავშირმა დაუშვა შეცდომები, რომელის შედეგებსაც იმკის დღეს. ჩვენი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა უახლოეს მომავალში და თავად ევროპა როგორ და რა დროში გაუმკლავდება საკუთარ შეცდომებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ისიც დასაზუსტებელი, რა დრო იგულისხმება უახლოეს მომავალში.
6. რა შეცდომებს უშვებენ ხელისუფლება და ოპოზიცია?
ხელისუფლება და ოპოზიცია უამრავ შეცდომას უშვებს და კიდევ ერთხელ გეტყვით, არცერთ მხარეს არ ყავს პროფესიონალი პოლიტიკური ლიდერები დღეს. ყველაზე მთავარი რაც არის, ისინი ჩასაფრებულის პოზიციიდან უყურებენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით არიან დაკავებულნი, როდესაც საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა.
7. რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთში — რა როლი შეიძლება ჰქონდეთ მათ სამშობლოს განვითარებაში?
ემიგრანტებს, პირველ რიგში ვუსურვებ მხნეობასა და გამძლეობას, მათ უკვე აქვთ საკმაოდ დიდი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში. ვეტყოდი, რომ სჯეროდეთ საკუთარი გენისა და ინდენტობის, ამაყობდნენ და დაანახონ ყველას, რას ნიშნავს იყო ქართველი, მიუხადავად იმ სირთულეებისა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და რომელმაც ემიგრანტებად აქცია. დღეს ჩვენ არ გვაქვს დიპლომატია, რომელიც სწორად წარმოაჩენს ქართულ იდენტობას საზღვრებს გარეთ და სწორედ ისინი არიან ჩვენი ელჩებიცა და დიპლომატებიც. გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ ჩვენი, საბოლოოდ გავიმარჯვებთ და შევქმნით ისეთ საქართველოს, რომელშიც ყველა ერთად ამაყად ვიცხოვრებთ.
8. შესაძლებელია თუ არა „ნაც–ქოცური“ დაპირისპირების გადალახვა ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენით?
შესაძლებელია კი არა, მხოლოდ ახალ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ამის დასრულება, ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა შევუწყოთ ხელი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას.
9. რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უცხოეთში და ფიქრობენ დაბრუნდნენ თუ არა საქართველოში?
მეც ვსწავლობდი უცხოეთში და არასდროს მიფიქრია დარჩენაზე, რადგან ჩემი სურვილები, მიზნები და იდეები ყოველთვის საქართველოს უკავშირდებოდა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმის დაბრუნებას რაც ბავშვობაში ძალით წამართვეს. საბოლოოდ ყველაზე კომფორტულად თავს აქ ვგრძნობ, ჩემი ადათის, წესის, მენტალობის, კულტურისა და რწმენის ადამიანებთან. ყველაზე მეტად ქართულად საუბარი მსიამოვნებს და ჩემს სათქმელსაც ამ ენაზე საუკეთესოდ გამოვხატავ. ეს ყველაფერი ჩემთვის, ჩემი შინაგანი კომფორტისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მათ, რა თქმა უნდა, დაბრუნებას ვურჩევ, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს განვითარებული, ეკონომიკურად მდგრადი, მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდია. მოუსმინონ საკუთარ თავს და თუ ვინმე სხვანაირად გადაწყვეტს, არასდროს შეწყვიტოს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა. საბოლოოდ ფესვები თავის გასაკეთებელს ისედაც გააკეთებს.
მადლობა ბექა, რომ დაგვითმე დრო და გაგვიზიარე თქვენჯ ხედვები — აუცილებლად დაგიბრუნდებით მომავალშიც ახალი საუბრისთვის.
სოხუმის დაცემის დღე მხოლოდ ტკივილის დღე არ არის — ეს არის სიმტკიცისა და მტკიცე გადაწყვეტილების დღე, რომ დავიბრუნოთ დაკარგული და ავაშენოთ ახალი, სამართლიანი სახელმწიფო.
და როგორც თავად ბექა ამბობს:
„გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ ჩვენი — საბოლოოდ გავიმარჯვებთ და შევქმნით ისეთ საქართველოს, რომელშიც ყველა ერთად ამაყად ვიცხოვრებთ.“



Comments