top of page

ლუვრის მუზეუმი შეიარაღებული ძარცვის შემდეგ დაიხურა


საფრანგეთი დღეს დილიდან შეძრულია — მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში, პარიზის ლუვრში, შეიარაღებული ძარცვა მოხდა. თავდასხმა კვირა დილის საათებში, მუზეუმის გახსნისთანავე მოხდა.


კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ სოციალური ქსელის X მეშვეობით დაადასტურა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ.


„ლუვრის მუზეუმში დღეს დილით მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. არავინ დაშავებულა. ამჟამად ვიმყოფები მუზეუმში, სამართალდამცველებთან ერთად. მიმდინარეობს ადგილზე დათვალიერება და გამოძიება,“ — აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრის გარემოცვის ინფორმაციით, ერთმა ან რამდენიმე შეიარაღებულმა პიროვნებამ მოახერხა მუზეუმში შეღწევა, სადაც სავარაუდოდ ძვირფასეულობა და სხვა ფასეული ნივთები მოიპარეს. ოფიციალური წყაროები ზუსტ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ, თუმცა ცნობილია, რომ თავდამსხმელები ამ დრომდე თავისუფლად არიან და მათი ვინაობა დაუდგენელია.


ლუვრის მუზეუმის ადმინისტრაციამ ცოტა ხნით შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მუზეუმი დღეს “განსაკუთრებული მიზეზების გამო” დახურულია და ვიზიტორებს აღარ მიიღებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია და გამოძიების ბიურო ადგილზე მუშაობენ, მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების ამოღება და უსაფრთხოების სისტემის ანალიზი.


მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ზარალი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მუზეუმიდან რამდენიმე უნიკალური სამკაულია წაღებული, რაც შესაძლოა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ კულტურულ დანაშაულად იქცეს ევროპაში.


ლუვრის უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულად მიიჩნევა, რის გამოც ინციდენტმა მრავალი კითხვა გააჩინა. ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ თავდამსხმელებმა მართლაც მოახერხეს დაცვის ბარიერების გადალახვა, საქმე შესაძლოა შიდა ინფორმაციის გამოყენებას ან კოორდინირებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ეხებოდეს.


ფრანგული ხელისუფლება მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია“ დანაშაულის გასახსნელად და მოპარული ნივთების დასაბრუნებლად.


ლუვრი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს და ინახავს ისეთი შედევრებს, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა და ვენერას ქანდაკება მილოდან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამგვარი შემთხვევის წინაშე არ მდგარა.

 
 
 

Comments


SGN06.fr

გამოგვყევი და იყავი ინფორმირებული!

  • Facebook

​ტელ : ​+33 766977222

Email : info@sgn06.fr

​​​ 

© 2025 by SGN

bottom of page